ფეისბუქის მიერ ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშების წაშლას ეხმაურებიან სტრატეგიული კომუნიკაციის ექსპერტები - სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.
ექსპერტ გიორგი რუხაძის თქმით, ამ პერიოდში ბოტების ამუშავება პანდემიური სიტუაციის ბოროტად გამოყენებაა და სამარცხვინოა მმართველი ძალის ქცევა.
„დასახელებულია სახელები და გვარები - ეს არის სიტუაციის ბოროტად გამოყენება. ამ ვითარებაში საკუთარი პიარის, რუსული პროპგანადის და ოპოზიციური ძალების დევნა არის სამარცხვინო", - აცხადებს გიორგი რუხაძე.
ნოდარ ხარშილაძე კი ვარაუდობს, რომ ყალბი ანგარიშების წაშლა წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო გააქტიურდება - მისი თქმით, ეს მხოლოდ მისასალმებელია.
„ეს არ არის არჩევნების წინა გაუქმება - კიდევ იქნება. ექვსი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. ეს გაუქმება იყო უკვე მეორე და ეს გაგრძელდება. "ფეისბუქმა" სერიოზულად მოკიდა ამას ხელი, საქართველოში პარტნიორები ჰყავს და ძალიან კარგია, რომ როცა ხდება პოლიტიკური ძალის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, ამაზე რეაგირება", - ამბობს ნოდარ ხარშილაძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მმართველი ძალა პანდემიის პირობებშიც კი საკუთარ პიარზე ფიქრობს.
„მეორედ მოხდა მასობრივი წმენდა სოციალურ ქსელში - მათი უმრავლესობა უკავშირდება "ოცნების" ბოტებს. როცა მსოფლიო ებრძვის პანდემიას, "ოცნება" მილიონებს ხარჯავს ბოტების შენახვაში", - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ფეისბუქის ადმინისტრაციამ საქართველოდან 1000-მდე ყალბი ანგარიში წაშალა - სოციალური ქსელის ინფორმაციით, მათგან 790 „ქართულ ოცნებასთან“ იყო დაკავშირებული.